суббота, 2 апреля 2016 г.


ზოლებიანი აფთარი - მითი და სინამდვილე



 


თბილისის კლასიკური გიმნაზიის
VΙΙΙ კლასის მოსწავლე ნიკოლოზ მითაიშვილი

თბილისი
2015 წელი

ზოლებიანი აფთარი: მითი და სინამდვილე
მრავალი ცხოველის შესახებ მოისმენთ ხალხში საოცარ ამბებს: ზოგს სასტიკ მონსტრად დახატავენ, ზოგს უამარავ დადებით თვისებას მიაწერენ, ზოგის მიმართ თავშეკავებულობას ავლენენ, ზოგისადმი კი იმდენად ნეიტრალურნი არიან, რომ მათი არსებობაც კი ავიწყდებათ. ასეთმა უცნაურმა დამოკიდებულამ განაპირობა სწორედ ცხოველების შესახებ უამრავი მითის, ლეგენდის, ზღაპრის თუ ანდაზის შექმნა. ასეთ ლეგენდარულ ცხოველებს შორის არის აფთარიც, რომელიც ქართულ ფოლკლორში ალბათ მხოლოდ გველსა და მგელს თუ ჩამოუვარდება უარყოფით თვისებებში.   მოდით გავეცნოთ ახლა ჩვენში უკვე „იშვიათ ხილად“ შემორჩენილ ზოლებიან აფთარს და ერთად გავარკვიოთ მის შესახებ არსებული ტყუილ-მართალი.


ზოლებიანი აფთარი არც ძაღლია და არც კატა. იდუმალებით მოცული, ზოლებიანი სფინქსი ღამღამობით აკონტროლებს ხოლმე 20 კილომეტრიანი რადიუსის მქონე თავის ტერიტორიას და შიშის ზარს სცემს ადამიანებს. ხალხში არსებული შეხედულებით, აფთარი „აკვნიდან იტაცებს პატარა ბავშვებს, საფლავებიდან თხრის მიცვალებულებს“, ლეშს ეტანება და შინაურ ცხოველებს ესხმის თავს, მზერით ნუსხავს თავის მსხვერპლს, შეუძლია სრულ სიბნელეში ხედვა.  მას ადგილი ფრთიან გამოთქმებშიც დაუმკვიდრეს: „არაფერი არაა იმაზე მყრალი. . .  ვიდრე აფთარი“. გაბრაზებული და გაშმაგებული ადამიანის სინონიმადაც კი ტერმინს „გააფთრებული“ იყენებენ. აფთარი არც სახელოვან ბერძენ ფილოსოსფოსს - არისტოტელეს უყვარდა. ის აფთრის  შესახებ ერთ-ერთ ნაწარმოებში წერდა: „ვერაგი და მშიშარა ცხოველები იყვნენ; ხარბად გლეჯდნენ ლეშს და თან დასცინოდნენ, როგორც დემონები. გარდა ამისა, შეეძლოთ შეეცვალათ სქესი და ყოველი მიზეზის გარეშე ხან მდედრები, ხან კი მამრები გამხდარიყვნენ.“ არც ცნობილმა ზოოლოგმა ალფრედ ბრემმა მონახა მათთვის კეთილი სიტყვები: „ცხოველთა მცირე ნაწილს აქვს ისეთი ფანტასტიკური ისტორია, როგორც აფთრებს. . . გესმით, როგორ გავს მათი ხმა სატანის სიცილს? მაშ იცოდეთ, აფთრებში სწორედ სატანა იცინის! მათ უკვე ბევრი უბედურება დაატრიალეს!“. ბრემისვე შეხედულებით, თუ ადამიანი აფთრის ტვინს შეჭამდა, იგი აუცილებლად გაგიჟდებოდა. ელიანი კი წერდა: სავსემთვარეობას აფთრები სინათლის მიმართ ზურგით დგებიან, ისე რომ მათი ჩრდილი ძაღლებს ეცემა. ჩრდილით მოჯადოვებულები, ძაღლები  შეშდებიან, ხმას ვეღარ იღებენ. აფთრებს კი მიჰყავთ ისინი და ჭამენ.“ 


მათ მიმართ ოდნავ „კეთილი“ იყო პლინიუსი: იგი აფთარს თვლიდა სასარგებლო ცხოველად, რადგან მისგან მრავალ სამკურნალო საშულებას ამზადებდა. აზიის ზოგ ქვეყანაში კი აფთრის სხეულის ნაწილებს საოცარ მაგიურ ძალას მიაწერდნენ და ამულეტებად და თილისმებად იყენებდნენ. რაც შეეხებოდათ სემიტებს, სხვა ტომებისაგან განსხვავებით, აფთრებს უკავშირებდნენ ქალურ საწყისს, ნაყოფიერებას, აღორძინებას, მთვარის ციკლს, ორმაგობის იდეას. თვლიდნენ, რომ აფთარში თავმოყრილია ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები, რომლებსაც ისინი ჰარმონიულად აერთიანებდნენ. მოდით ახლა გავიგოთ,  მართლაც ასეთი საშიში და ვერაგი ცხოველია აფთარი თუ არის მასში რაღაც დადებითიც?  სად არის მითი და სად სინამდვილე?


სანამ ზოლებიანი აფთრის ავ-კარგზე ვილაპარაკებთ, მოდით გავარკვიოთ, რომელ ცხოველებს „ენათესავებიან“ ეს არსებები და რატომ ჰქვიათ მათ „ზოლებიანი გამოცანა“?  ზოლებიანი აფთარი პირველი სახეობა იყო აფთრისებრთა ოჯახიდან, რომელიც დიდმა შვედმა მეცნიერმა - კარლ ლინემ 1758 წელს აღწერა და გარეგნული  ნიშან-თვისებების გამო, იგი ძაღლისებრთა ოჯახში (მგელი, მელა, ტურა) მოათავსა. შესაძლოა პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბოლოდროინდელმა გენეტიკურმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ აფთრისებრთა მთელი ოჯახი  კატებისებრთაგანწამოვიდადა მათთან უფრო ახლო ნათესაურ კავშირშია, ვიდრე ძაღლისებრებთან. თუმცა, სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე მეცნიერებიც არანაკლებ გაოცებულნი იყვნენ ამ ფაქტით. ხუმრობა ხომ არაა, ცხოველიპირწავარდნილიძაღლია და კატისბიძაშვილიკი აღმოჩნდა. ბიოლოგია სავსეა ასეთი პარადოქსებით .


სტერეოტიპების მართებულობაზე საუბრამდე, მინდა ცოტა რამ ვთქვა ზლებიანი აფთრის აგებულების შესახებ. აფთრისებრთა ოჯახის ოთხი წარმომადგენლიდან ჩვენში გავრცელებულია მხოლოდ ზოლებიანი აფთარი, რომელიც საკამაოდ მასიური ცხოველია. მისი სხეულის სიგრძე 91-120 სანტიმეტრს აღწევს. ნიდაოს სიმაღლე 76-80 სანტიმეტრია, ამასთან მდედრებს და მამრებს შორის სიმაღლეში განსხვავება ნაკლებად შესამჩნევია. წონა 26-35 კილოგრამამდეა, ზოგჯერ 50 კგ.-ც. ცხოველს ღია რუხ ან მოყვითალო-რუხ ფონზე ზოლები ვერტიკალურად ჩამოსდის ხერხემლის მხრიდან მუცლამდე, ხოლო კიდურებისათვის ჰორიზონტალური რკალური ზოლებია დამახასიათებელი. ზოლებიან აფთრებს აქვთ მკვრივკუნთოვანი სხეული, ოდნავ წაგრძელებული და მასიური თავი, გრძელი ყურები, სქელი კისერი, მსხვილი და მასიური კბილები, მოკლე, ბანჯგვლიანი კუდი, ფეხებზე გრძელი, ბლაგვი ბრჭყალებით დაბოლოვებული ოთხ-ოთხი თითი, წინა კიდურები უკანაზე გრძელი აქვთ, ამიტომ სხეული უკან დაქანებული აქვს. სიარულის დროს ზოლებიანი აფთარი კიდევ უფრო ხრის უკანა ნაწილს, რის გამოც ისე ჩანს, თითქოს სხეულს მიათრევს. სხეული შემოსილია უხეში ჯაგრისებრი ბალნით. ზოგ სახეობას ზურგზე 20 სმ-მდე სიმაღლის ფაფარი ეზრდება.



მოდით ახლა ნელ-ნელა გავარკვიოთ, თუ რატომ ჩამოყალიბდა ხალხში ასეთი შეხედულებები აფთარზე. რაც  შეეხება მის კვებით ქცევებს, ზოლებიანი აფთარი პოლიფაგი ცხოველია, ანუ იგი პრაქტიკულად ყველაფერს ჭამს. მისი რაციონი შედგება როგორც ცხოველური (თუმცა ცოცხალ მსხვერპლს რაციონში ჭარბობს მძორი, ძირითადად ჩლიქოსნების ნარჩენები), ასევე მცენარეული საკვებისაგან. მძორით კვებამ განაპირობა სწორედ იმ სტერეოტიპის ჩამოყალიბება, რომ აფთარი საფლავებიდან ამოთხრილ მიცვალებულებს მიირთმევდა. ზოგი მეცნიერის აზრით, ახლო აღმოსავლეთში საფლავებზე ქვის დიდი ლოდების დადება სწორედ იმიტომ დაიწყო ძველმა ხალხმა, რომ მიცვალებულები აფთრებისაგან დაეცვათ.

აფთრები ასევე შესანიშნავი მონადირეები არიან. ნადირობის მეთოდი დამოკიდებულია მსხვერპლის ზომაზე. ზომით მათზე დიდ ნადირზე ჯგუფურად ნადირობენ. სხვა მტაცებლებისგან განსხვავებით, აფთრები მსხვერპლს ღლიან და როდესაც თავდაცვის უნარს კარგავს, ცოცხლად ჭამენ. მცირე ზომის ცხოველებზე ინდივიდუალურად ნადირობენ. იშვიათად ესხმიან თავს შინაურ ცხოველებს. ხალხის თქმით,  ზოგჯერ ადამიანებს, ძირითადად კი ბავშვებს ეტანებიან, თუმცა რეალურად ამ ამბის მნახველი არავინაა. ძირითადად ასე სხვისი მონაყოლით მსჯელობენ.  


ზოლებიანი აფთარი იკვებება ყველაფრით, რასაც შეწვდება, დაეწევა, მოერევა. მას მძლავრი ყბები აქვს, ძლიერი კბილებით. ეშვები საკმაოდ მახვილია. ცნობილია ფაქტები, როცა კუს ბაკანიც დაუმსხვრევია თავისი მძლავრი კბილებით და „ნადიმი“ გაუმართავს.  შეუძლია დიდი ზომის ძვლების გადამტვრევაც. ამიტომ „ნადიმის“ შემდეგ თითქმის არ ტოვებს ნარჩენებს.  ამ თვისების გამო იგი თავისუფლად შეიძლება განვიხილოთ, როგორც „ბუნების სანიტარი“. საინტერესოა, რომ ზოლებიანი აფთარი საზამთროს და ნესვის მოყვარული ცხოველიცაა. არც სხვა წვანიან მცენარეებზე ამბობს უარს. ზოგი მეცნიერის აზრით, აფთარი ასე იქცევა წყლის ნაკლებობის დროს.



აფთრები ღამის ცხოველები არიან, სწორედ აქედან მოდის მითი მათი საოცარი „ღამეული“ მხედველობის შესახებ. მართალია ისინი დღის განმავლობაშიც ჩანან, თუმცა სანადიროდ ბინდისას ან სრულ სიბნელეში გამოდიან. დღის საათებში აფთარი ისვენებს ბუნაგში ან ბუნაგთან ახლოს. ბუნაგს აფთარი სხვა ცხოველების სოროებში, ბუჩქებსა და კლდოვან ადგილებში იკეთებს. აფთრები განსაკუთრებით იცავენ, როგორც საკუთარი ბუნაგის მიმდებარე ტერიტორიას, ასევე მათ სანადირო ადგილებსაც.



აფთრები საკუთარი ტერიტორიის საზღვრებს ნიშნავენ ანალური და .. მუშკის ჯირკვლების გამონადენით, ასევე შარდითა და ფეკალური მასებითისინი ასევე ურთიერთობენ განსაკუთრებული ბგერებითა და ხმებით. თითოეულ აფთარს აქვს დამახასიათებელი ხმა, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრზეც ისმის.
ახლა განვიხილოთ, თუ რატომ უწოდებენ მათ ჩვენი წინაპრები მყრალ ცხოველს. დანაყრების შემდეგ, ეს ცხოველები „სადილისშემდეგ მოსვენებას“ ეძლევიან. ჩრდილში წამოწოლილები  მიწას გადაიყრიან. ზოგადად უყვართ სხვადასხვა „აბაზანის“  - წყლის, ტალახის, მტვრის - მიღება.  სწორედ ამ მიდრეკილებას უკავშირდება მათი კიდევ ერთი თვისება - ძალიან მოსწონთ ნახევრად გახრწნილ ნარჩენებაში „კოტრიალი“. ამ ნარჩენებით ხშირად ბუნაგიც კი აქვთ ამოვსებული. ასეთი „აბაზნის“ შემდეგ მათ საშინელი სუნი უდით და როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, რაც უფრო ყარს აფთარი, მით მეტ პატივისემას იმსახურებს თანამოძმისაგან.


რაც შეეხება მათი სხეულის ნაწილების მაგიურ ძალას, ამის მიზეზი ალბათ აფთრების საოცარი იმუნიტეტია: მათ სხეულს მიკროორგანიზმებისადმი საოცარი მედეგობა ახასიათებს. ამის მაგალითად შეიძლება გამოვიყენოთ 1897 წელს ლუანგვეში მომხდარი ამბავი: ციმბირის წყლულის ეპიდემიამ ამ წელს 4000-ზე მეტი ბეჰემოთი ამოწყვიტა. დაავადების გავრცელებას მკვდარი ბეჰემოთების ცხედრები უწყობდა ხელს. ბეჰემოთების ლეში იქ მობინადრე ზოლიანმა აფთრებმა შეჭამეს, თანაც არც დაავადებულან. ამასთან, იმ წელიწადს მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
განრისხებული ადამიანის სინონიმად ქართულ ენაში სიტყვა „გააფრთრებულს“ ვიყენებთ. ეს ალბათ უფრო აფთრის უცნაურმა ხმამ განაპირობა. როცა კონკურენტს დაინახავს, მუქარის დემონსტრირებისათვის ჯერ ღრენას იწყებს, ტონს თანდათან უმატებს, შემდეგ ღრიალში გადადის და ბოლოში გამკივანი ბგერებით ამთავრებს. ამას თან ახლავს სწრაფი თავდასხმითი მოძრაობები. თუმცა ზოგჯერ თანამოძმისადმი კეთილგანწყობილია. ორივე სქესისა და სხვადასხვა ასაკის აფთრებს განსაკუთრებული მისალმების ცერემონიალი აქვთ: თითოეული მათგანი წევს ერთ კიდურს ისე, რომ მეორეს შესაძლებლობა ჰქონდეს დაყნოსოს მისი გენიტალიები. მართალია უმეტესად მარტოსული ცხოველია, მაგრამ ზოგჯერ მცირე ჯგუფებად ცხოვრობს. ოჯახს აუცილბლად დომინანტი მდედრი უდგას სათავეში. ისინი პატარა ჯგუფად არიან თავმოყრილნი ბუნაგთან ახლოს. ზოლიანი აფთარი არ არის ძალიან აგრესიული და ხშირად ძაღლებს საშუალებას აძლევს მას თავს დაესხნენ. საოცარია ის ფაქტი, რომ თვითმხილველთა მტკიცებით, აფთარი ამ დროს არ ცდილობდა თავის დაცვას. 


ახლა კი გავარკვიოთ, თუ რატომ ეგონათ, რომ აფთარს სქესის შეცვლა შეძლო: როგორ გაირკვა, გარეგანი სასქესო ორგანოებისა მიხედვით მათი სქესის დადგენა ძნელია. ეს განპირობებულია იმით, რომ მდედრს მამრივით გრძელი სასქესო ორგანო აქვს. ეს მის სხეულში, სხვა ცხოველების მდედრებისაგან განსხვავებით,  მამრობითი სასქესო ჰორმონის მაღალი შემცველობის გამოა. ალბათ ეს განაპირობებს მდედრების შედარებით აგრესიულობას და მათ სოციუმში მატრიარქატის არსებობას.
მძუნაობს იანვარში, მაკეობა 90 დღე-ღამე გრძელდება, შობს 2—4 უსუსურ, თვალებაუხილავ ლეკვს. შთამომავლობაზე ორივე მშობელი ზრუნავს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგი მონაცემით ბუნებაში 10-12 წელია; ტყვეობაში კი 13 წელი, თუმცა ზოგი წყაროს მიხედვით ეს 20-25 წელია.























მის ვერაგობას და სიფლიდეს უკავშირებენ იმას, რომ აფთარი გადაადგილდება ჩუმად, ზოგჯერ ხტომა-სირბილით. ზოგი ზოოლოგის მტკიცებით, შეიძლება უჩუმრად იცხოვროს ადამიანის მეზობლადაც კი. მოძრაობის სიჩქარე საშუალოდ 2-4 კმ/სთ-ია, თუმცა ზოგჯერ 8 კმ/სთ-ს აღწევს. ძიების მიმართულების ამოსაცნობად ქარის მიმართულებით არ სარგებლობს, თუმცა იგი უცებ რეაგირებს ქარის მიერ მოტანილ ლეშის სუნზე. მას კარგად აქვს განვითარებული სმენა და ყნოსვა. მათ შეუძლიათ ისეთი ბგერების აღქმა, რაც ადამიანის ყურისათვის მიუწვდენელია.
ასეთი უცნაური ცხოველია ზოლებიანი აფთარი. სამწუხაროდ ის ისე მცირე რაოდენობითაა დღეს დარჩენილი, რომ კვლევების ჩატარება და მათი ქცევების უკეთ შესწავლა ძალიან ძნელია. მეცნიერები ცდილობენ ამ „ზოლებიანი საოცრების“ პოპულაციის აღდგენას. მეც იმედი მაქვს ცოტათი მაინც გავაქარწყლე მის შესახებ არსებული უარყოფითი შეხედულებები და ზოლებიანი აფთრის უკეთ გაცნობის შემდეგ ადამიანებსაც შეეცვლებათ მათ მიმართ დამოკიდებულება.

გამოყენებული ლიტერატურა:
1.      ლევან ბუთხუზი - „ზოლებიანი გამოცანა“
2.    Чем удивительны гиены? - http://shkolazhizni.ru/archive/0/n-29371/
3.      Жизнь животных. Том 7. Млекопитающие / Под ред. академ. В. Е. Соколова. — 2-е изд.  М.: Просвещение, 1989. — С. 365—367. 
5.      http://www.zooclub.ru/wild/hish/274.shtml